2015-12-23
სსე-მ ავარიული სიტუაციების რიცხვი მინიმუმამდე დაიყვანა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დიაგნოსტიკის სამსახურმა სსე-ის ბალანსზე არსებულ ქვესადგურებში დამონაჟებულ ელექტრომოწყობილობებზე დიაგნოსტიკური სამუშაოები განახორციელა.
2015 წლის განმავლობაში, სრული დიაგნოსტიკური შემოწმება ჩაუტარდა ძალოვან, დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორებს, ავტოტრანსფორმატორებს, რეაქტორებს, ამომრთველებსა და მცლელებს. შემოწმდა დამიწების კონტურები და ელექტროგადამცემი ხაზებიც.
დიაგნოსტიკური შემოწმება თბოვიზორის საშუალებით განხორციელდა. თბოვიზორი თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვიდეომოწყობილობაა, რომლის ინფრაწითელი სხივები ელექტრომოწყობილობაზე დაკვირვებისა და გადახურების წერტილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა. გადახურების წერტილის აღმოჩენის შემთხვევაში, ხდება ფოტო-გადაღება, შემდეგ დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება დაზიანებული კერის შეკეთება.
გარდა ამისა, განხორციელდა სატრანსფორმატორო ზეთის შემოწმების სამუშაოებიც. სატრანსფორმატორო ზეთის დაძველებამ შესაძლებელია, ძალიან ძვირადღირებული ელექტრომოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს. შესაბამისად, ზეთის ანალიზით წინასწარ არის შესაძლებელი მოწყობილობაში იმ ხარვეზის აღმოჩენა, რამაც შეიძლება მის მუშაობას პრობლემა შეუქმნას.
დიაგნოსტიკური სამუშაოების განხორციელების შედეგად, ფაქტობრივად მინიმუმამდე დავიდა ავარიული გამორთვების რიცხვი, რაც სისტემის უსაფრთხო და საიმედო ელექტრომომორაგებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.