2023-11-08
ჰიდროენერგეტიკის მსოფლიო კონგრესი
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე ინდონეზიაში გამართულ ჰიდროენერგეტიკის მსოფლიო კონგრესს დაესწრო და მონაწილეობა მიიღო სესიაში, რომლის ძირითად თემას ევროპის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა წარმოადგენდა.
კრიზისის დაძლევის კონტექსტში განხილული იქნა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ დეტალები, რომლის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის. სტრატეგიული ინტერკონექციის პროექტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, როგორც საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის არსებულ დღის წესრიგში, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფორმატში.
კონგრესზე საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების განვითარებაში არსებული ბარიერების მოხსნისა და დამატებითი ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისების აუცილებლობაზე ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნულოვანი ემისიის უზრუნველსაყოფად.
ჰიდროენერგეტიკის მსოფლიო კონგრესი ორ წელიწადში ერთხელ საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკული ასოციაციაციის ორგანიზებით იმართება.
წელს კონგრესი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართა, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნიდან 1000-მდე დელეგატი ესწრებოდა.