ახალი ამბები

2025-03-10 

ტრენინგები „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის" ფარგლებში

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის" ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" თანამშრომლები მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს დაესწრნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, დაცული ტერიტორიების და გარემოს ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლები.

საკონსულტაციო კომპანია Affric-ის წარმომადგენლებმა სსე-ის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს გაუზიარეს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული წყალქვეშა კაბელის პროექტების შესახებ. საუბარი შეეხო სოციალურ და გარემოსდაცვით რეგულაციებს, გამოწვევებს, რისკებს, სამომავლო ეკონომიკურ ბენეფიტებსა და დაცვის მექანიზმებს.

ტრენინგი მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს. სამუშაო ჯგუფებმა განიხილეს წყალქვეშა კაბელის მარშრუტის შერჩევის, გეოფიზიკური და გეოტექნიკური კვლევის მეთოდების დანერგვის საკითხები.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.

მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები.

BSSC Training S 2.jpgBSSC Training S 3.jpgBSSC Training S 11.jpgBSSC Training S 1.jpgBSSC Training S 6.jpgBSSC Training S 4.jpgBSSC Training S 7.jpgBSSC Training S 5.jpgBSSC Training S 9.jpgBSSC Training S 8.jpgBSSC Training S 10.jpgBSSC Training S 12.jpg

კომუნიკაცია