გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის დეკლარაცია

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ (სსე) მზაობას მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების შესასრულებლად. სსე-ს გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის (Environmental & Social Management System - ESMS) სათანადო შემუშავება და დანერგვა - საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო გარემოსდაცვით, სოციალურ, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. სსე იღებს ვალდებულებას, საქმიანობა და მომსახურება აწარმოოს საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებით, რათა დაიცვას ბუნებრივი თუ სოციალური გარემო და თავიდან აირიდოს დაბინძურება. სსე მიზნად ისახავს, მუდმივად გააუმჯობესოს საკუთარი საოპერაციო საქმიანობა, რათა შეძლებისდაგვარად შეამციროს კომპანიის საქმიანობის შედეგად გამოწვეული ნებისმიერი სახის უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე.

აღნიშნულის მისაღწევად სსე ადასტურებს, რომ კომპანია და მისი საქმიანობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

  • ელექტროგადამცემი და სადისპეტჩერო სისტემების უსაფრთხოდ, საიმედოდ, მდგრადად და ეფექტურად პროექტირება, მშენებლობა, ოპერირება და მართვა, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;
  • ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა;
  • პროაქტიური მიდგომის გამოყენებით გარემოსდაცვითი და სოციალური საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება. შემარბილებელი ღონისძიებების საფეხურეობრივი დაგეგმვა აღნიშნული საფრთხეების პრევენციისა და არიდებისთვის, ხოლო მათი თავიდან აცილების შეუძლებლობის შემთხვევებში, საფრთხეების და ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა და, სადაც შესაძლებელია, კომპენსირება ან დაბალანსება;
  • სსე-ს თანამშრომლებთან, მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, კონტრაქტორებთან, ასევე მთავრობასთან, საზოგადოებასთან და სხვა ჩართულ მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია ცნობიერების ამაღლების, ანგარიშვალდებულების, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრების მიზნით;
  • ყველა ხელმძღვანელის, ზედამხედველისა და თანამშრომლის მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების, როგორც კორპორატიული ასევე მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერების უზრუნველყოფა. თანამშრომლებისა და კონტრაქტორებისთვის ინფორმაციისა და ტრენინგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა მათი საქმიანობის დროს რისკები ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის მინიმუმამდე იყოს დაყვანილი;
  • თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის სსე-ს საქმიანობის შესახებ საჩივრების, შენიშვნების და შეთავაზებების მიღების და განხილვის მექანიზმის შექმნა, კომპანიის მხრიდან გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული რეაგირების უზრუნველყოფით;
  • სსე-ს თანამშრომლების, ელექტროგადამცემი სისტემის მომხმარებლებისა და სსე-ს ობიექტებთან და საქმიანობასთან კავშირის მქონე ყველა პირის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;
  • საწარმოო ნარჩენების წარმოქმნის მინიმუმამდე დაყვანა და მათი ეკოლოგიურად უსაფრთხოდ მართვა;
  • ყველა სახის ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებისას მოსახლეობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინება, როგორც კრიტიკული ფაქტორებისა, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი შედეგების გაწონასწორების მიზნით;
  • პრევენციული პროცედურების შემუშავება და დანერგვა საავარიო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად. ხოლო ისეთ ავარიულ შემთხვევებისთვის, რომელთა თავიდან არიდება ვერ ხერხდება, მუდმივი მზადყოფნა და სათანადო რეაგირება;
  • ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი პირების იძულებითი განსახლების რისკის და მათ საარსებო წყაროებზე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა, მათთან კონსულტაციების და ფრთხილი დაგეგმვის საშუალებით;
  • კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის კონკრეტული (გაზომვადი) მიზნების და ამოცანების განსაზღვრა მუდმივი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. დროთა განმავლობაში ისეთი პროცედურების დანერგვა, რომლებიც ISO14001 (გარემოსდაცვითი მართვა), ISO45001 (შრომის უსაფრთხოების მართვა), ISO26001 (სოციალური პასუხისმგებლობა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
  • თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული კონსულტაციების საშუალებით ადგილობრივ თემებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ღია დიალოგში ჩაბმა და მათი შეხედულებების გათვალისწინება იმ გადაწყვეტილებების მიღებამდე, რომლებმაც შესაძლოა ზეგავლენა იქონიონ აღნიშნულ თემებსა და თემის წევრებზე;
  • სსე-ს შესყიდვების სისტემის მიერ ხელშეკრულებების გაფორმებისას გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინება, ისევე როგორც აქტივების არსებობის სრული ციკლის მხედველობაში მიღება მასალის, აღჭურვილობის ან ობიექტების შესყიდვის დროს;
  • გარემოსდაცვითი, სოციალური, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების კუთხით კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროცესების აქტიური მხარდაჭერა;
  • სსე-ს შინაგანაწესის ზედმიწევნით დაცვა, რომელიც განსაზღვრავს სამართლებრივი და ეთიკური ქცევის კორპორაციულ პრინციპებს, ასევე მოითხოვს აღნიშნული პრინციპების დაცვას იმ კონტრაქტორების მხრიდან, რომლებიც ჩაბმულნი არიან სსე-ს ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ოპერირებაში;
  • აღნიშნული პოლიტიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სსე-ს სამუშაო გარემოში და მისი ეფექტურად დანერგვა კომპანიის ყველა ობიექტზე და საოპერაციო საქმიანობაში.

დამტკიცებულია სსე-ს მმართველთა საბჭოს მიერ 2019 წლის 13 აგვისტოს.