გადამცემი ქსელის მნიშვნელობა
ელექტროგადამცემი ქსელი წარმოადგენს ქვეყნის ენერგოსისტემის უმნიშვნელოვანეს რგოლს. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, გადამცემი ქსელის საშუალებით, ახორციელებს ელექტროენერგიის საიმედო მიწოდებას. კომპანია აქტიურად მონაწილეობს გადამცემი ქსელის განვითარებისა და ოპერირების პროცესში.
სსე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4438,72 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. გადამცემი ქსელი იმართება ქ. თბილისში არსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან.
სსე, როგორც გადამცემი სისტემის ოპერატორი, უზრუნველყოფს მომხმარებლების ელექტროენერგიით საიმედოდ მომარაგებას, ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების დაბალანსებას. კომპანია პასუხისმგებელია გადამცემ ქსელში ძაბვების კონტროლზე, რეზერვების შენარჩუნებასა და ავარიული რეჟიმის დროს, სისტემის მართვაზე. ის, ასევე, ახდენს მეზობელ სახელმწიფოებთან ელექტროენერგიის გაცვლის კოორდინაციას.
სსე, გადამცემი ქსელის განვითარების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისას, ზედმიწევნით იცავს გარემოს დაცვის სფეროში, ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მოთხოვნებს.