ელექტროგადამცემი ხაზების „ლაჯანური-წყალტუბო“, „ნამახვანი-წყალტუბო“ და „ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური“ და „ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი“ მშენებლობა

2022 წლის 3 ივნისს, „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ხელი მოეწერა სამშენებლო ხელშეკრულებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ (სსე) და ინდურ სამშენებლო კომპანიას - Larsen & Toubro Limited-ს შორის.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 2022 წლის 21 ივნისს (იხილეთ ბმული).

პროექტს აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD).

სამშენებლო ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 33,785,656.01 ევროს და ის ითვალისწინებს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შემდეგი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას: 500 კვ ლაჯანური-წყალტუბო (დაახლ.49 კმ), 220კვ ნამახვანი-წყალტუბო და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური (დაახლ. 58კმ), და 220კვ ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი (დაახლ.5 კმ).

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია Larsen & Toubro Limited შეასრულებს, ხოლო საზედამხედველო/საინჟინრო მომსახურებას საკონსულტაციო კომპანია AF Consult განახორციელებს. პროექტის მხარდაჭერის მიზნით, სსე-მ 2018 წლის 28 თებერვალს საკონსულტაციო ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან AF-Consult Switzerland Ltd, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით.

ხაზების მშენებლობის დაწყება დაგეგმილია 2023 წელს, ხოლო დასრულება - 2025 წელს.

პროექტის მიზანია რაჭა-ლეჩხუმის პერსპექტიული ჰესების ინტეგრაცია ქსელში, გადამცემი ქსელის გაუმჯობესება და საიმედოობის ამაღლება.

პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის უზრუნველყოფა იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და განვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰესების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში.

აღნიშნულ პროექტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის“ (ENIP) ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მოიცავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა. ENIP-ის ფარგლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით. სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით. ENIP-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო 2021 წელს და მისი დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. შედეგად, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, განავითაროს სტაბილური, საიმედო ელექტროგადამცემი სისტემა, რაც უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის და ბიზნესის განვითარებას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს.

დეტალები პროექტის შესახებ:

დეტალური დიზაინზე (პროექტი) მუშაობა დაიწყო 2022 წლის სექტემბერში.
2022 წლის სექტემბრიდან კონტრაქტორმა დაიწყო წინასამშენებლო კვლევები, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების მარშრუტის შემოწმება და გეოლოგიური კვლევა.
სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2023 წლის ზაფხულში.

პროექტის ღირებულება:

პროექტის ღირებულება შეადგენს 33,785,656.01 ევროს.

პროექტის ვადები:

სამშენებლო კონტრაქტი ეფექტური გახდა 2022 წლის 15 აგვისტოს.
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის სექტემბერში.

პროექტები და ტენდერები