ლაჯანურის და ოზურგეთის ქვესადგურების მშენებლობა, და ახალციხის ქვესადგურის გაფართოება (ლოტი 1 - ქვესადგურები)
2021 წლის 29 ივნისს ხელი მოეწერა ქვესადგურების სამშენებლო ხელშეკრულებას ბერძნულ კომპანიასთან Mytilineos S.A. (Metka), რომელიც გულისხმობს ახალი ქვესადგურების მშენებლობას ოზურგეთსა და ლაჯანურში და ასევე ახალციხის 500 კვ ქვესადგურის გაფართოებას (იხილეთ ბმული).
ქვესადგურების მშენებლობა საქართველოს ქსელის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პროექტია. იგი ითვალისწინებს 220/110 კვ ლაჯანურის ქვესადგურის მშენებლობას (ფაზა 1), 220/110 კვ ოზურგეთის ქვესადგურის მშენებლობას, ახალციხის ქვესადგურის 500 კვ და 400 კვ ფრთის გაფართოებას.
პროექტის განხორციელება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს საშუალებას მისცემს, უზრუნველყოს ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნა აჭარისა და გურიის რეგიონებში, გაზარდოს საექსპორტო პოტენციალი და განავითაროს ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ახალი ჰიდროელექტროსადგურების ინტეგრირებას საქართველოს გადამცემ ქსელში.
- პროექტის განხორციელების შედეგად, გაძლიერდება საქართველოს როლი რეგიონულ (სამხრეთ კავკასია) ენერგეტიკულ ჰაბში, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესაძლებლობებს. გაიზრდება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში და ამასთანავე გაუმჯობესდება ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის.
- პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით გაუმჯობესდება ეკონომიკური განვითარების პირობები, რადგან ხელმისაწვდომი იქნება საკმარისი ელექტროენერგიის სიმძლავრე და ელექტროენერგიის უსაფრთხოება. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და, ზოგადად, ბიზნეს საქმიანობას. ასევე, ეკონომიკური განვითარება შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და, შესაბამისად, უზრუნველყოფს უფრო მაღალ შემოსავალს საქართველოს მოსახლეობისთვის.
- ქსელის რეაბილიტაციის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიის სტაბილურობა, ნაკლები გათიშვა და საიმედო მიწოდება, რაც სარგებლის მომტანი იქნება საქართველოსთვის.
პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ KfW-ისა და ევროკავშირის მეშვეობით ENIP-ის (Energy Network Improvement Programme) ფარგლებში. ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა. ENIP-ის ფარგლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით. სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით. ENIP-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო 2021 წელს და მისი დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.
დეტალები პროექტის შესახებ:
- დეტალური დიზაინის (პროექტის) მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო 2021 წლის ოქტომბერში;
- სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურების დასრულება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2022 წლის ბოლომდე.
პროექტის ღირებულება:
- პროექტის ღირებულება შეადგენს 35,665,000.00 ევროს.
პროექტის განხორციელების ვადები:
- პროექტის დასაწყისი: 2021 წლის 21 ოქტომბერი.
- პროექტის დასრულების თარიღი: 2024 წლის აპრილი.
,,გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის 19 თებერვალს ხელშეკრულება გაფორმდა გერმანულ საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიასთან Fichtner GmbH and Co., ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებული (KfW) კომპონენტებისთვის.