ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“ მშენებლობა (ლოტი 1 - ელექტროგადამცემი ხაზები)

2022 წლის 18 თებერვალს ხელი მოეწერა ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“ მშენებლობის პროექტის ხელშეკრულებას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიას KEC International Limited (ინდოეთი) შორის. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა 1 მარტს (იხილეთ ბმული).

ელექტროგადამცემი ხაზების „წყალტუბო-ახალციხე“ და „ახალციხე-თორთუმი“ მშენებლობის პროექტი გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 62 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს KEC International Limited შეასრულებს, ხოლო საზედამხედველო/საინჟინრო მომსახურებას გერმანული საკონსულტაციო კომპანია Fichtner GmbH განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 103 კმ სიგრძის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „წყალტუბო-ახალციხე“ და საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, 34 კმ სიგრძის 400 კვ-იანი ეგხ „ახალციხე-თორთუმი“. შედეგად, გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული ინტერკონექცია, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. პროექტი კიდევ ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას შეუქმნის ქვეყნის მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისებას.

პროექტის განხორციელების შედეგად მკვეთრად გაიზრდება ქვეყნის ენერგოქსელის გამტარუნარიანობა და საიმედოობა, შეიქმნება 500კვ-იანი ენერგეტიკული მაგისტრალის „ენგური-ზესტაფონი-ახალციხე“ სარეზერვო ქსელი, შემცირდება ავარიული გამორთვებისა და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას შეუწყობს ხელს.

პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ KfW-ისა და ევროკავშირის მეშვეობით ENIP-ის (Energy Network Improvement Programme) ფარგლებში. ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა. ENIP-ის ფარგლებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით. სსე (სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“) პასუხისმგებელია რამდენიმე ქვეპროექტის განხორციელებაზე, საერთაშორისო კონსულტანტების ტექნიკური დახმარებით. ENIP-ის პროგრამის განხორციელება დაიწყო 2021 წელს და მისი დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.

,,გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მხარდაჭერის მიზნით, 2018 წლის 19 თებერვალს ხელშეკრულება გაფორმდა გერმანულ საზედამხედველო საკონსულტაციო კომპანიასთან Fichtner GmbH and Co., ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დაფინანსებული (KfW) კომპონენტებისთვის.

დეტალები პროექტის შესახებ:

  • დეტალური დიზაინზე (პროექტის) მუშაობა დაიწყო 2021 წლის აპრილში.
  • 2021 წლის აპრილიდან კონტრაქტორმა დაიწყო წინასამშენებლო კვლევები, კერძოდ, ელექტროგადამცემი ხაზების მარშრუტის შემოწმება და გეოლოგიური კვლევა.
  • სამშენებლო ნებართვების მოპოვების პროცედურების (მათ შორის, განსახლების გეგმის განხორციელება) დასრულება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოსთვის.
  • ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა 2025 წლის ივნისში დასრულდება.

პროექტის ღირებულება:

  • 61,972,057 ევრო

დაკავშირებული დოკუმენტები

პროექტები და ტენდერები