ელექტროენერგიის ტრანზიტის პირობები
ელექტროენერგიის ტრანზიტის განსახორციელებლად საჭირო ყველა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარდა, ტრანზიტის დამკვეთმა ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელების უფლება უნდა მოიპოვოს აუქციონის საშუალებით, რომლის ორგანიზებასაც დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი, „ბაზრის წესების“ შესაბამისად უზრუნველყოფს .
აუქციონში მონაწილეობისთვის, ტრანზიტის დამკვეთმა უნდა წარადგინოს განცხადება ყველა საჭირო ხელშეკრულებასთან და „ბაზრის წესებში“ განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად და მოითხოვოს გამტარუნარიანობის საჭირო მოცულობა ტრანზიტის განსახორციელებლად.
მარეგულირებელ კომისიას ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების გაწევაზე ტარიფი არ აქვს დადგენილი, მაგრამ ტრანზიტის საფასური უნდა ფარავდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.
ელექტროენერგიის ტრანზიტის დროს გამოვლენილი გადამცემი სისტემის დანაკარგები შეიძლება დაიფაროს სისტემაში დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდებით, რისთვისაც აუცილებელია დამატებითი ხელშეკრულების გაფორმება.