2015-07-09
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” თანამშრომლებს ევროკომისიის ექსპერტებმა გამოცდილება გაუზიარეს
2015 წლის 6 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ევროკომისიის ინსტიტუციონალური განვითარების დახმარების ორგანიზაციის TAIEX-ის დელეგაციის ვიზიტი მიმდინარეობს.
დელეგაციის ვიზიტის მიზანია, კომპანიის თანამშრომელთა ჯგუფს მიაწოდოს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შესახებ. 5-დღიან სემინარზე განხილვის საგანს ევროპაში ელექტროენერგიით ვაჭრობის პრაქტიკები, ელექტროენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციისა და პანევროპული ბაზრის ჩამოყალიბების საკითხები წარმოადგენს.
მისიის ფარგლებში, ენერგეტიკის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, სსე-ის თანამშრომლებს მიზნობრივი კონსულტირებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ეძლევათ.
შეხვედრების დროს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანების (ENTSO) რეგულაციებს, ტექნიკურ მოთხოვნებს, ასევე ამ ორგანიზაციის წევრობისათვის საჭირო მოთხოვნებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სამუშაო ვიზიტით ორი ექსპერტი იმყოფება: ლატვიის რესპუბლიკის მარეგულირებელი კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, იურიდიული დეპარტამენტის ენერგეტიკული განყოფილების უფროსი – დიგნა ეგლიტე და ENTSO-ს ევროპული ქსელის დეპარტამენტის მენეჯერი – ნიკოლას ფრაიდასი.
შეგახსენებთ, რომ TAIEX (ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლა) წარმოადგენს ევროკომისიის მიერ დანერგილ ინსტიტუციონალური განვითარების ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოში 2007 წლიდან ხორციელდება. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, TAIEX-ის მექანიზმის საშუალებით ხორციელდება მოკლევადიანი ტექნიკური დახმარების გაწევა ბენეფიციარი ქვეყნების ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.