ახალი ამბები

2015-04-07 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ახალი ტარიფები დაუდგინდა.

2015 წლის 27 მარტს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ახალი ტარიფები დაადგინა.

ახალი სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე, გადაცემის მომსახურების ტარიფი 1 კვტ.სთ-ზე 0,758 თეთრით, ხოლო დისპეტჩერიზაციის ტარიფი 1 კვტ.სთ-ზე 0,102 თეთრით განისაზღვრა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტარიფის გადახედვა 2006 წლიდან არ მომხდარა. სსე-ისთვის გადაცემის ნაწილში 2006 წელს დადგენილი ტარიფი ორსაფეხურიანი იყო: 220/110/35 კვ-ზე დადგენილი იყო 0,5 თეთრი, ხოლო 6/10-კვ-ზე 1,109 თეთრი. აღმოიფხვრა ძაბვების დაყოფა, გადაცემის ნაწილში კომპანიას აქვს ერთი ტარიფი ყველა ძაბვაზე.

2014 წელს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილების საფუძველზე, შეიცვალა სატარიფო მეთოდოლოგია. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ გააკეთა ორი განაცხადი გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის მომსახურების ნაწილში ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით. სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სატარიფო განაცხადების განხილვა. დადგენილება ძალაში 2015 წლის 1 აპრილს შევიდა და მისი მოქმედება ამა წლის 31 დეკემბრამდე შენარჩუნდება. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ყოველწლიურად მოახდენს ტარიფების გადახედვას და ახალი ტარიფის დადგენას.

ტარიფის მატება ხელს შეუწყობს, როგორც გადაცემის, ასევე დისპეტჩერული მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას, ინვესტიციების მოზიდვას და იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რომლებიც კომპანიას წლის განმავლობაში აქვს დაგეგმილი.

კომუნიკაცია