2018-03-22
სსე სპეციალური ჭრის სამუშაოებს ელექტროგადამცემი ხაზის გამართული ფუნქციონირებისათვის და სტაბილური ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სოფელ მუხათწყაროს გზაზე, 220 კვ. ეგხ-ის „კოდა 1,2“-ის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხე-მცენარეების სპეციალური ჭრის სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოები განხორციელდა მთავრობის №366-ე დადგენილების საფუძველზე, ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად. სპეციალური ჭრები ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხე-მცენარე ზრდის კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხელს უშლის ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას, რაც შეიძლება ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდეს და საფრთხე შეუქმნას ელექტროგადამცემი ხაზის ფუნქციონირებას.
სამუშაოების განხორციელების პროცესში, კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ თვითნებურად მოჭრა ხეები მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაზეც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დაიწყო მოკვლევა.
გარემოზე ზრუნვა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, კომპანია ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში. წლების განმავლობაში, სსე აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის გამწვანებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში. გასულ წლებში კომპანიამ გამწვანების აქციები მოაწყო როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების ტერიტორიაზე. წელსაც, აპრილის თვეში, თბილისის მერიის ნებართვის მიღების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გეგმავს გამწვანების აქციას.