2024-05-22
თბილისის 144-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ აქტიურ რეჟიმში განაგრძობს შემეცნებითი ტურების ჩატარებას თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის.
ამჯერად კომპანიას თბილისის 144-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების პრინციპებს. სსე-ის წარმომადგენლები უფროსკლასელებს ესაუბრნენ ზოგად ენერგეტიკაზე, ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
სათავო ოფისის შემდეგ, მოსწავლეები ქვესადგურს „ნავთლუღი 220“ ესტუმრნენ, სადაც მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში და დაესწრნენ დიაგნოსტიკის სამსახურის ლაბორატორიაში დამცავი საშუალებების მაღალი ძაბვით გამოცდის პროცესს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს. ამ პერიოდიდან, საგანმანათლებლო აქტივობებში თბილისისა და რეგიონების სკოლების 1500-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.