2019-07-04
საქართველო-იტალიის ბიზნეს ფორუმი
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელშიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა"-მ მიიღო მონაწილეობა. ბიზნესფორუმი ინფრასტრუქტურას, სამშენებლო და საინჟინრო დარგებს, ენერგეტიკასა და ურბანულ განვითარებას მიეძღვნა. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ ვიცე-პრემიერი/რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი.
თავის გამოსვლაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში საქართველომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 167 მილიონის ღირებულების იტალიური ინვესტიცია მიიღო . ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ზიბზიბაძე, რომელმაც სსე-ს შესახებ პრეზენტაცია გააკეთა და კომპანიაში განხორციელებულ და სამომავლო მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმი საქართველოსა და იტალიას შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. მისი მიზანია შექმნას სადისკუსიო პლატფორმა, სადაც ორი ქვეყნის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობის პერსპექტივებს გააღრმავებენ.