ახალი ამბები

2023-11-24 

ჰაიკე ბაკოფენ-ვარნეკეს ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ჰაიკე ბაკოფენ - ვარნეკე, KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერონიკა გარსია დელ არკო, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი და გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლიდია კრისტმანი ეწვივნენ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ლაშა ხმიადაშვილმა ჩაატარა მოკლე პრეზენტაცია სსე-ის, როგორც საქართველოში გადამცემი ქსელის ერთადერთი ოპერატორისა და მნიშვნელოვანი ენერგეტიკული სუბიექტის შესახებ. ისაუბრა საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაზე, რომლის მიზანი მდგრადი, საიმედო და ეფექტიანი ელექტროგადამცემი სისტემის ჩამოყალიბებაა.
სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა სტუმრებს დაათვალიერებინა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, საინვესტიციო პოლიტიკის, განახლებადი ენერგიის პოტენციალის, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევისა და რეგიონულ ჰაბად ქცევის საკითხებზე. ხაზი გაესვა გერმანიის მთავრობისა და KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას. კერძოდ, ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამას (ENIP), რომელიც იმერეთის, გურიის, რაჭის, სვანეთისა და კახეთის რეგიონებში ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მასშტაბურ მშენებლობას გულისხმობს.

backhofen S1.jpgbackhofen S2.jpgbackhofen S3.jpgbackhofen S4.jpgbackhofen S5.jpgbackhofen S6.jpgbackhofen S7.jpgbackhofen S8.jpg

კომუნიკაცია