2025-11-21
განახლებადი ენერგიების ინვესტიციების ხელშეწყობის მე-3 კონფერენცია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ორგანიზებულ განახლებადი ენერგიების ინვესტიციების ხელშეწყობის რიგით მესამე კონფერენციაში.
პანელურ დისკუსიაში განიხილეს წარმოშობის სერტიფიკატების რეგიონული ჩარჩოს შექმნის საკითხი და უსაფრთხოების სისტემა. ზვიად გაჩეჩილაძემ კონფერენციის მონაწილეებს გააცნო საქართველოს გამოცდილება წარმოშობის სერტიფიკატების დანერგვის თაობაზე. ამ ეტაპზე, მუშაობა მიმდინარეობს ევროპულ კომისიასა და ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაციასთან (AIB HUB) ერთად ურთიერთანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ენერგეტიკული გაერთიანების სივრცეში წარმოშობის სერტიფიკატების ბაზრის შექმნას და ევროკავშირის ბაზარზე მათ აღიარებასა და დაშვებას. წარმოშობის სერტიფიცირების სანდო, თავსებადი სისტემის შექმნა და ევროკავშირის მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წარმოშობის სერტიფიკატების აღიარება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშესაწყობის კუთხით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია საქართველოში ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ერთადერთ ორგანოდ. სსე ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებში იყო პირველი გამცემი ორგანო, რომელმაც 2023 წლიდან დანერგა ფინური კომპანია „გრექსელის“ სერტიფიკატების ელექტრონული რეესტრი, რომელშიც დარეგისტრირებულია საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა განახლებადი ენერგიის მწარმოებელი, ხოლო 2024 წლიდან სსე არის ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაციის (AIB HUB) დამკვირვებელი წევრი და აქტიურად ახორციელებს ტექნიკური, პროცედურული და საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაციას.





