ახალი ამბები

2019-03-07 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციის ვიზიტი ანკარაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, თურქეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის (TEIAS) გენერალურ დირექტორს ორჰან კალდირიმს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრა თებერვალში გამართული, საქართველოსა და თურქეთის ელექტროენერგეტიკული სექტორების დელეგაციების მაღალი რანგის სამუშაო შეხვედრის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელსაც ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ხოლო თურქეთის მხრიდან, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აბდულახ ტანჯანი ხელმძღვანელობდა.
ორი ქვეყნის გადამცემი ოპერატორის ხელმძღვანელებმა იმსჯელეს საქართველოსა და თურქეთში ელექტროენერგეტიკის სფეროში არსებულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემაზე, განიხილეს მხარეთაშორისი ურთიერთობები და მხარდაჭერისა და თანამშრომლობის საკითხები.
სამუშაო შეხვედრებზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის საექსპორტო სეზონის პერიოდში, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი, 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბორჩხა“ გამტარუნარიანობის ზღვარის (NTC/ATC) გაზრდის თაობაზე, რაც მეტად ხელსაყრელ გარემოს შეუქმნის საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტით დაინტერესებულ პირებს.
შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმი“-ს მშენებლობის პროექტის საბოლოო დამუშავება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ „ახალციხე-თორთუმი“-ს 400 კვ-იანი ხაზის მშენებლობა არსებითად გააძლიერებს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ინტერკონექციას თურქეთის ენერგოსისტემასთან (და ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან - ENTSO-E).
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე, როგორც უახლოეს, ისე საშუალოვადიან პერსპექტივაში.

rsz_53853966_10217862134969934_7330950368962019328_n.jpg

კომუნიკაცია