2019-02-21
დავით თვალაბეიშვილი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომას დაესწრო. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა.
მრჩეველთა საბჭოს სხდომის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები თურქეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი, 400 კვ-იანი ინტერკონექციის გამტარუნარიანობის ზღვარის (NTC/ATC) გაზრდის საკითხი, ასევე საქართველო-თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი, ახალი, 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმი“-ს პროექტის რეალიზაციის დეტალები.
ვიზიტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე დავით თვალაბეიშვილი შეხვდა აზერბაიჯანის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის - „აზერენერჯის“ პრეზიდენტს ბაბა რზაევს, სადაც მათ ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგეტიკული კავშირების განვითარების ღონისძიებები განიხილეს.