2026-03-10
ვანო ზარდიაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი განახლებადი ენერგიის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმებსა და სხვა გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანი სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, ენერგოგენერაციის რეგულირება და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებაა.
ვანო ზარდიაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა ინიციატივაზე, რომელიც გენერაციის ობიექტების ქსელთან მიერთების ახალი წესების ჩამოყალიბებას გულისხმობს. ამ წესების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სსე-ში მიმდინარე პროცესები ერთმანეთს სრულად უნდა დაუკავშირდეს და, შესაბამისად, განისაზღვროს მიერთების პროცესი, რაც მას უფრო მოქნილს და, ქსელის უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, მიერთების მაძიებლებზე ორიენტირებულს გახდის.
აღნიშნული ინიციატივა დასამტკიცებლად გადაეგზავნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას.
რეფორმების შედეგების გათვალისწინებით, მოხდება ენერგეტიკის 10 წლიანი, რეალისტური გეგმის ჩამოყალიბება, რაც უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, როგორც “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის", ასევე ზოგადად ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის.











