2026-04-28
ვანო ზარდიაშვილმა „რუისის“ ქარის მშენებარე ელექტროსადგური მოინახულა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის მშენებარე ელექტროსადგური დაათვალიერა.
„რუისის“ ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 206 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ჯამში 33 ერთეული ქარის ტურბინის მონტაჟს, რომელსაც კომპანია „ვინდ ფაუერი“ ახორციელებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფრასტრუქტურა მზად არის ელექტროსადგურის ქსელში ინტეგრაციისთვის, კერძოდ, „რუისის“ ქვესადგურში უკვე მოწყობილია და ტესტირების რეჟიმშია 4 ერთეული 220 კვ უჯრედი მართვისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით, ამასთან, დასასრულს უახლოვდება, ჯამში 9 კმ სიგრძის, 4 ერთეული 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროცესი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „ვინდ ფაუერს“ შორის გაფორმებული გადამცემ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების ფარგლებში, „რუისის" ქარის ელექტროსადგურის ქსელთან მიერთება 2026 წლის ბოლომდე, სამ ეტაპად განხორციელდება.











