2026-03-13
შეხვედრა ურბნისის ქვესადგურის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოხაძე და სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ურბნისის ქვესადგურის მშენებლობის პროექტის ფარგლებში იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც აღნიშნულ ქვესადგურში ქსელთან მიერთებით არიან დაინტერესებულნი.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების პერსპექტივები, მათ შორის, ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხები. საუბარი შეეხო ქსელთან მიერთების პროცესში არსებული მოთხოვნების რაოდენობას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც განსახორციელებელია მიერთებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის ეფექტიანი განვითარებისთვის. შეხვედრაზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, უახლოეს პერიოდში დაიგეგმება მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად იქნება განხილული ურბნისის ქვესადგურის მშენებლობის პროექტის სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების კონკრეტული გზები.
ურბნისის ქვესადგურის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ახალი ქვესადგურის მშენებლობა ხელს შეუწყობს ელექტროგადამცემი ქსელის გამტარუნარიანობის ზრდას, სისტემის საიმედოობის გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიის ახალი ობიექტების ქსელთან მიერთებას.






