2026-02-19
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ვიზიტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული პროგრამის კოორდინატორს იორნ ჰონტელერს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესი, მიმოიხილეს სსე-სა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორ „ტრანსელექტრიკას“ შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობა და მის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.
შეხვედრის დროს ხაზი გაესვა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის და რეგიონის განვითარების კუთხით.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ზღვის ფსკერის კვლევის განხორციელებისა და შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც უკავშირდება კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით კვლევებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხი.




