2026-04-16
ხელმოწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და Metlen Energy and Metals-ს შორის
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და სსე-ის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა შეხვედრა გამართეს Metlen Energy and Metals-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და Metlen Energy and Metals-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ოზურგეთისა და ლაჯანურის ქვესადგურების მშენებლობისა და ახალციხის ქვესადგურის 400 კვ და 500 კვ ფრთით გაფართოების პროექტი მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადადის. მხარეებს შორის ხანგრძლივი და ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, განახლდა სამშენებლო სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადები. ხელშეკრულების მიხედვით, სამივე ქვესადგურის მშენებლობა დასრულდება მხარეთა მიერ შეთანხმებული განახლებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ენერგოსისტემის გამტარუნარიანობასა და საიმედოობას, უზრუნველყოფს აჭარისა და გურიის რეგიონებში ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააძლიერებს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს განახლებადი ენერგიის წყაროების გადამცემ ქსელში ინტეგრაციის მიმართულებით.
ოზურგეთის ქვესადგურში შემავალი 110 კვ ელექტროგადამცემ ხაზის მეშვეობით, ბახვისა და ბასრას ჰიდროელექტროსადგურები წლის ბოლომდე მიუერთდება ქსელს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს გურიის რეგიონის ენერგომომარაგების საიმედოობას და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებას.
პროექტი ხორციელდება KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.








