2025-11-25
ვანო ზარდიაშვილი კომპანია „მინგიანგის“ პრეზიდენტს შეხვდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა, ვანო ზარდიაშვილმა ჩინური ენერგეტიკული კომპანია „მინგიანგის“ პრეზიდენტ ქიინგ ჟანგს უმასპინძლა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, „მინგიანგის“ გენერალური მენეჯერის მოადგილე ონურ სევუქტექინი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები.
მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკული სექტორის განვითარების პერსპექტივები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები, ისაუბრეს საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საფინანსო სექტორის აქტიურ ჩართულობას, რაც ხელს შეუწყობს პროექტებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.
ვანო ზარდიაშვილმა სტუმრებს გააცნო კომპანიის საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და ადგილზე გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.
„მინგიანგის“ პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა საკუთარი კომპანიის გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რომელიც კომპანიას მაქსიმალური მოცულობის განახლებადი ენერგიის მიღების საშუალებას აძლევს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ინოვაციური ტექნოლოგიების ენერგოსისტემაში ინტეგრირების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას და ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს.








