2025-12-30
შეხვედრა კერძო სექტორთან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესებზე, მთავრობის ხედვასა და ახალ ინიციატივებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინვესტორებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილების საკითხზე. მინისტრის თქმით, ენერგეტიკის სექტორთან მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებული მთავარი გამოწვევა სწორედ ჯარიმების კომპონენტი იყო, რის გამოც ფერხდებოდა ენერგეტიკული პროექტების უდიდესი ნაწილი.
„ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს, ეს იქნება რეფორმა თუ ცვლილება დარგში, წინასწარი კონსულტაციებით ხდება ბიზნესთან, მათი მოსაზრებები, ხედვები და გამოცდილებები იქნება გაზიარებული,” - განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის ახალ მიდგომებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების საჭიროებებსა და მათი განხორციელების პროცესში სახელმწიფოს როლზე.








