2025-05-05
საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა „ენერგიის შემნახველი ბატარეის სისტემის და მწვანე წყალბადის განვითარების პროექტის“ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და ADB-ის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს 400 000 აშშ დოლარის ღირებულების საგრანტო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს პიკურ სეზონებზე წარმოებული ზედმეტი ენერგიის მწვანე წყალბადად გარდაქმნაში დაეხმარება.
პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე წყალბადის განვითარების შესაძლებლობების შესწავლას, ენერგიის შემნახველი ბატარეის სისტემის (BESS) ოპერირების პრაქტიკულ სწავლებასა და ტექნიკური ცოდნის გაზიარებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“.
სასესხო შეთანხმებას 104 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებაზე ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. პროექტი ითვალისწინებს 200 მგვტ სიმძლავრის და 200 მგვტ.სთ ტევადობის ენერგიის შემნახველი ბატარეის სისტემის მოწყობას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილი ქვესადგურის, „ქსანი 500“-ის, მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღნიშნული პროექტი გააძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში, ასევე, საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაში.

