2025-05-29
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ჩემპიონია!
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ფეხბურთის მე-10 საიუბილეო ჩემპიონატში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდმა გაიმარჯვა.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მართვაში არსებული უწყებების 19 გუნდი.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდები. მატჩი დაძაბული და ემოციური გამოდგა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გუნდმა მოიპოვა.
ჩემპიონატის მიზანი სპორტული აქტივობების პოპულარიზაცია და თანამშრომელთა შორის გუნდური სულისკვეთებისა და თანამშრომლობის წახალისება იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი და მედლები გადასცა.
ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სპორტი არის ძლიერი ინსტრუმენტი თანამშრომლობისა და ერთიანობის გასაძლიერებლად.






















