ახალი ამბები

2025-02-03 

მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო შეიქმნა

რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company - GECO POWER COMPANY, რეგისტრაციის პროცესი.
ერთობლივი საწარმოს შექმნის მიზანს წარმოადგენს მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის რეალიზება, რაც მათ შორის ითვალისწინებს შავი ზღვის წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის მშენებლობას. ერთობლივი საწარმო ამ ეტაპზე მწვანე ენერგიის დერეფნის კვლევითი და საპროექტო საქმიანობით იქნება დაკავებული.
ერთობლივი საწარმო დაფუძნდა 2024 წლის სექტემბერში, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ხელმოწერილი სადამფუძნებლო შეთანხმების შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმებულ „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას. ასევე, 2023 წლის 25 ივლისს, ოთხი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა ერთობლივი საწარმოს დაფუძნების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც გაიწერა ერთობლივი საწარმოს შექმნის ზოგადი პრინციპები.
ერთობლივი საწარმოს დამფუძნებელი კომპანიები არიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან - „აზერენერჯი“, საქართველოს მხრიდან - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, უნგრეთის მხრიდან - MVM Energy Private Limited Company, ხოლო რუმინეთის მხრიდან National Power Grid Company Transelectrica S.A.. ერთობლივი საწარმო თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა და, შესაბამისად, ყველა ჩართული მხარე კომპანიის მართვაში თანაბრად მიიღებს მონაწილეობას.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ერთმანეთთან პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის, ხოლო ფართო კონტექსტში - სამხრეთ კავკასიის და სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის, ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. წყალქვეშა ძალოვანი კაბელის სიგრძე იქნება 1155 კმ-ზე მეტი (1115კმ წყალქვეშ, ხოლო 40 კმ ხმელეთზე), ძაბვა - 525 კვ, ხოლო სიმძლავრე - 1300 მგვტ პროექტი ასევე მოიცავს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სატელეკომუნიკაციო კაბელის მშენებლობას, რომელიც დამონტაჟდება წყალქვეშა ძალოვანი კაბელისთვის შერჩეულ დერეფანში. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2030 წელი.

rsz_1475745517_1018146023668926_2281849484353562227_n.jpg

კომუნიკაცია