2025-12-02
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი PMI სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა
ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა. ევროკომისია აღნიშნულ სიას წარადგენს ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში საბოლოოდ დასამტკიცებლად. ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და სტრატეგიული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი.
PMI სტატუსის საბოლოოდ მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ, შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს. ამასთან, ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მიღება ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტია.
ეს არის ევროკომისიის მიერ გამოცემული უმაღლესი დონის პირველი სამართლებრივი დოკუმენტის პროექტი, რომელმაც დაადასტურა პროექტის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა. ორმხრივი ინტერესის პროექტების სიაში შეტანით, შავი ზღვის კაბელის პროექტი მიიღებს სამართლებრივ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, პროექტს ეძლევა შესაძლებლობა, მიიღოს საგრანტო დაფინანსება ევროკავშირის სპეციალური ფონდიდან.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს ციფრული და წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 1155 კმ სიგრძის (1115 კმ წყალქვეშა კაბელი და 40 კმ სახმელეთო), 1300 მეგავატი სიმძლავრის წყალქვეშა კაბელი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.
პროექტი შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2026-2036 წლების ათწლიანი განვითარების გეგმაში (TYNDP).

