ახალი ამბები

2025-01-30 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ინოვაციური პლატფორმა დანერგა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შეიმუშავა და დანერგა ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ბაზრის ყველა მონაწილის საქმიანობასა და მათთვის მნიშვნელოვან სერვისებს ერთ სისტემაში აერთიანებს. EMP პლატფორმა სხვადასხვა ტრანზაქციისა და მოქმედების ინტერაქტიული მართვის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის ეფექტიანობას.
ახალი სისტემის შექმნა მნიშვნელოვანია მარეგულირებელი ორგანოსთვისაც, რადგან სისტემა საშუალებას იძლევა, მონაცემების მიღება და ბაზრის პროცესების მონიტორინგი რეალურ დროში მოხდეს.
ინოვაციური პლატფორმის დანერგვით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში უფრო ღია, გამჭვირვალე და ეფექტიანი ელექტროენერგიის ბაზრის შექმნას, სადაც ყველა შესაბამისი პროცესი იქნება გამარტივებული, ოპტიმიზირებული და გაციფრულებული.
პროცედურების გამარტივება და ციფრული პლატფორმების შექმნა მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორისთვის, რომელიც გადის ტექნოლოგიური რევოლუციის ეტაპს.
აღსანიშნავია, რომ სსე-მ დასმული ამოცანების სწორად და სწრაფად გადასაწყვეტად შექმნა ისეთი ტექნოლოგიური პლატფორმა, სადაც გამოყენებულია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის IBM® Process Automation Manager Open Edition, როგორც ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის სისტემა და IBM Instana® Observability პლატფორმა კომპლექსური აპლიკაციების მონიტორინგისთვის.
სსე-მ ინოვაციური პლატფორმა ასოცირების შესახებ შეთანხმების, ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებებისა და „ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის“ (ENTSO-e) მოთხოვნების შესაბამისად შეიმუშავა.

rsz_1475292161_1015370290613166_7631073169685654884_n.jpg

კომუნიკაცია