2025-03-14
ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-პალიასტომი“ მშენებლობა
ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ოზურგეთში ახორციელებს ახალი 220 კვ ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზების „ოზურგეთი-ზოტი“ და „ოზურგეთი-პალიასტომი“ მშენებლობას. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-პალიასტომი“ სამშენებლო და მისი ოზურგეთის ქვესადგურში შეჭრის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, „ოზურგეთი-პალიასტომის“ შეჭრის ადგილიდან მშენებარე ქვესადგურამდე „ოზურგეთი-220“ უკვე დასრულებულია 146-ე საყრდენის დემონტაჟი და ანძების მონტაჟი. მიმდინარეობს შეჭრის წერტილიდან ოზურგეთის ქვესადგურამდე ელექტროგადამცემი ხაზებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენის მონტაჟის სამუშაოები. აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ოზურგეთის ქვესადგურს დააკავშირებს არსებულ ელექტროგადამცემ ხაზთან „პალიასტომი 1“, რაც შესაძლებელს გახდის განახლებადი ენერგიების წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრაციას, გააძლიერებს გურიისა და აჭარის რეგიონებში გადამცემ ინფრასტრუქტურას და გაზრდის გადამცემი ქსელის სიმძლავრესა და საიმედოობას. ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-პალიასტომი“ მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2025 წელს არის დაგეგმილი. ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფინანსებას KfW-ს მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც KfW-ს მეშვეობით გაიცემა. პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი საერთო სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები მთელი საქართველოს მასშტაბით.




