2025-03-25
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ თბილისის 133-ე და 114-ე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს უმასპინძლა.
მოსწავლეები ჯერ კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ და გაეცნენ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. ჩაუტარდათ პრეზენტაციები ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და მნიშვნელობის, ენერგეტიკის სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.
ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა მოინახულეს ნავთლუღის ქვესადგური, მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ და ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ სსე-ის სასწავლო ცენტრიც, სადაც მომავალ ენერგეტიკოსებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გაიარონ სტაჟირება, შემდგომ კი კომპანიაში დასაქმდნენ.
ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. ამ პერიოდიდან, საგანმანათლებლო აქტივობებში თბილისისა და რეგიონების სკოლების 1700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.








