2025-04-10
შავი ზღვის ენერგეტიკული კვირეული
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში ქალაქ ბუქარესტში გამართულ პანელურ დისკუსიაში თემაზე „გადამცემი ქსელის მოდერნიზება ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისა და განახლებადი ენერგიების ინტეგრაციის ხელშესაწყობად“.
ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს ელექტროენერგეტიკული გადამცემი ქსელის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ელექტროენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტებზე. საუბარი ასევე შეეხო განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისათვის და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ხელშესაწყობად დაგეგმილ სხვა პროექტებს.
შავი ზღვის ენერგეტიკული კვირეული პირველად 2020 წელს ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების: რუმინეთის, ბულგარეთის, მოლდოვას, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევების ერთობლივად განხილვას.

