ახალი ამბები

2024-05-02 

ხარისხის მართვის ტრენინგები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 13-მა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა TUV AUSTRIA-ს ავტორიზაციის მქონე MAGNUM OPUS-ის წარმომადგენლების მიერ გამართული სატრენინგო კურსი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. ხარისხის მართვის მასერტიფიცირებელი ტრენინგები კომპანიაში უკვე მეორედ ჩატარდა.

ტრენინგები რისკების მართვის სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და იმ შესაძლებლობების შეფასებას ისახავდა მიზნად, რაც გავლენას ახდენს კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისა და დაინტერესებული მხარეების კმაყოფილების ხარისხზე. ტრენინგებზე განხილული იყო შემდეგი თემები: „ხარისხის მენეჯმენტის სტანდარტი ISO 9001:2015“, „მენეჯმენტის სისტემის შიდა აუდიტორი ISO 19011:2018“ და „რისკების მენეჯმენტი ISO 3100:2018“.

2014 წელს, როცა ხარისხის მართვის მენეჯმენტის სისტემა დაინერგა, სსე პირველი ენერგეტიკული ორგანიზაცია იყო საქართველოში, რომელიც აღნიშნულ სერტიფიკატს ფლობდა. 2023 წელს კომპანიამ უკვე მეოთხედ გაიარა რესერტიფიცირება. ამჟამად, კომპანიაში მიმდინარეობს რისკების მართვის სისტემის დანერგვა და მზადება ხარისხის მართვის სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

როგორც განვითარებაზე და სისტემის შედეგიანობაზე ორიენტირებული კომპანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განაგრძობს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და დგას იმ კომპანიების გვერდით, რომელთაც მსოფლიო ბაზარზე წამყვანი პოზიციები უჭირავთ.

xarisxis-marTvis-treningi-small.jpg

კომუნიკაცია