2024-03-06
სსე ახალი ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-პალიასტომი“ მშენებლობას ახორციელებს
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამის (ENIP) ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. პროგრამის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს „გურიის პროექტი“ წარმოადგენს, რომელიც ითვალისწინებს ოზურგეთში ახალი ქვესადგურის და ელექტროგადამცემი ხაზების „ოზურგეთი-ზოტი“ და „ოზურგეთი-პალიასტომი“ მშენებლობას.
ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-პალიასტომი“ სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც კონტრაქტორი კომპანია Mitas Energy and Metal Construction Inc ახორციელებს.
აღნიშნული ეგხ ოზურგეთის ქვესადგურს დააკავშირებს არსებულ ელექტროგადამცემ ხაზთან „პალიასტომი“, რაც შექმნის განახლებადი ენერგიების წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში ინტეგრაციის შესაძლებლობას, გააძლიერებს გურიისა და აჭარის რეგიონებში გადამცემ ინფრასტრუქტურას და გაზრდის გადამცემი ქსელის სიმძლავრესა და საიმედოობას.
220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ოზურგეთი-პალიასტომი“ მშენებლობა 2023 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2024 წელს არის დაგეგმილი.
ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და KfW-ს განვითარების ბანკის პარტნიორობით. პროგრამის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 270 მლნ ევროს, რომელიც მოიცავს გერმანიის ფედერაციის მთავრობის დაფინანსებას KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ 9,9 მლნ ევროს ოდენობის გრანტს. ENIP-ის პროგრამის ფარგლებში 2023 – 2028 წლებში აშენდება და გაფართოვდება 7 ქვესადგური და 540 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი.