ახალი ამბები

2024-02-14 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შავი ზღვის კაბელის პროექტის სამუშაო შეხვედრაზე

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები, დირექტორთა საბჭოს წევრის ზვიად გაჩეჩილაძის ხელმძღვანელობით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც საკონსულტაციო კომპანია CESI-ის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა რუმინეთიდან, უნგრეთიდან და აზერბაიჯანიდან.

CESI-ის წარმომადგენლებმა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში შუალედური ანგარიში წარადგინეს, რომელიც მოიცავდა: ინტერკონექციის ოპტიმალური შესაძლებლობების განსაზღვრას, პროექტის ტექნიკურ დახასიათებას და სავარაუდო მარშრუტის შერჩევას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს CESI-ის ლაბორატორია, სადაც ხორციელდება წყალქვეშა და სახმელეთო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობისთვის აუცილებელი ხელსაწყოების შერჩევა და ტესტირება.

ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია CESI „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით 2022 წლიდან ახორციელებს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელმა 1195 კილომეტრი სიგრძის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის მეშვეობით ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.

sse-Savi-Zgvis-kabelis-samuSao-Sexvedraze-1-small.jpgsse-Savi-Zgvis-kabelis-samuSao-Sexvedraze-2-small.jpg

კომუნიკაცია