2024-09-13
ქვესადგურში „წყალტუბო 500“ თანამედროვე, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალ ქვესადგურში „წყალტუბო 500“ ხანძრის კერის ჩაქრობის ავტომატური, თანამედროვე სისტემა დამონტაჟდა, რომლის მიზანია, ქვესადგურში არსებული ძვირადღირებული მოწყობილობების, მათ შორის, ტრანსფორმატორების, ავტო-ტრანსფორმატორებისა და შუნტური რეაქტორების დაზიანების პრევენცია. ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემა მოქმედებს შემდეგი პრინციპით: დასაცავ მოწყობილობებთან დამონტაჟებული დეტექტორები აფიქსირებს დასაშვებ ზღვარს ზევით ტემპერატურის მატებას, რის შემდეგაც ავტომატურ რეჟიმში გადასცემს განგაშის სიგნალს წყლის გამფრქვევ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოწყობილობის გაგრილებას და ხანძრის ლოკალიზებას. წყლის ჩამქრობი სისტემა მუშაობს ავტომატურ რეჟიმში, ასევე მისი მართვა შესაძლებელია დისტანციურად, ქვესადგურის პერსონალის მიერ. ცეცხლის ჩაქრობის ავტომატური სისტემა, სამომავლოდ დამონტაჟდება ყველა ახალ ქვესადგურში ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ძაბვისა და სიმძლავრის მიხედვით. ცეცხლის ქრობის ავტომატური სისტემის ინსტალაციის ვალდებულებას ქვეყანაში არსებული ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. ამასთან, მისი მონტაჟი რეკომენდებულია შრომის უსაფრთხოების რეგულაციების შესაბამისად.