ახალი ამბები

2024-12-17 

ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დასრულდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა. ოფიციალური ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალი ქაან ორბაიმ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.
„პროექტის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება დასავლეთ საქართველოდან სიმძლავრეების უსაფრთხოდ გამოტანა და ახალი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემასთან დაკავშირება, რასაც მოჰყვება რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდა და ქვეყნის ელექტროენერგიის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“- განაცხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა.
ქვესადგურის „წყალტუბო 500“ პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტს ზედამხედველობდა უცხოური კომპანიების ერთობლივი საწარმო Decon International GmbH, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები კი თურქულმა კომპანია BEST- მა განახორციელა.
პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება 80 კილომეტრამდე სიგრძის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ მშენებლობა, რომლის საშუალებით ქვესადგური „წყალტუბო 500“ დაუკავშირდება ქვესადგურს „ჯვარი 500“. ქვესადგურის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ 19.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
„ეს მხოლოდ ნაწილია იმ მასშტაბური პროექტებისა, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს,“ - განაცხადა გიორგი გიგინეიშვილმა.

Ceremony1.jpgCeremony2.jpgCeremony3.jpgCeremony4.jpgCeremony6.jpgCeremony5.jpgCeremony7.jpg

კომუნიკაცია