2024-09-03
მწვანე ენერგიის განვითარების შესახებ რუმინეთში მინისტერიალი გაიმართა
„მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ფარგლებში, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში რიგით მე-8 მინისტერიალი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რუმინეთის, აზერბაიჯანის, უნგრეთის, ბულგარეთის უმაღლესი თანამდებობის პირები, ევროკომისიის წარმომადგენელი, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი რუმინეთში თამარ ბერუჩაშვილი.
საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მინისტრებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების” ცვლილების ოქმს. „საქართველოს სახელწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 4 ქვეყნის გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ.
მწვანე ენერგიის განვითარება და გადაცემა გულისხმობს განახლებადი ენერგიის ტრანსპორტირებას საქართველოდან აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. 2024 წელს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით, დასრულდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია.