2024-04-06
მინისტრის შეხვედრა ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ შეხვედრაში.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო ბიზნესის, და პროფილური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განიხილეს ენერგეტიკის დარგის განვითარების პერსპექტივები, დინამიკა, რეფორმებისა და მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობის პროცესი. პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა დარგის განვითარების მხარდამჭერ მექანიზმებზე და კერძო სექტორთან დიალოგის მნიშვნელობაზე.
მინისტრის შეფასებით, ქვეყანაში გაზრდილ ენერგომოხმარებას თან უნდა სდევდეს გენერაციის ზრდა. გენერაციის განვითარების პარალელურად კი, უნდა გაძლიერდეს ენერგეტიკული ქსელი, როგორც ქვეყნის შიდა გადამცემი ინფრასტრუქტურის, ასევე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
საუბარი შეეხო „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ მიმდინარეობას და მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს უმსხვილეს ევროპულ ბაზართან და ადგილობრივი ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს. ამ ეტაპზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომლის შედეგად დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები.
ლევან დავითაშვილის ინიციატივით, ენერგეტიკის დარგის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, რეგულარულად გაიმართება შეხვედრები ენერგოსექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან.