2024-07-02
მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაციის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა. მოსწავლეები საქართველოს ენერგეტიკის საკვანძო ობიექტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკი) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მოინახულეს სსე-ის სათავო ოფისში განთავსებული ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მართვის ფარი, რომელიც კოორდინირებას უწევს ენერგოსისტემაში მომუშავე მოხმარებისა და გენერაციის ყველა ობიექტს. გაეცნენ სადისპეტჩერო ცენტრის ფუნქციონირების პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე ციკლის, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლისა და იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რომლებსაც სსე ახორციელებს.
ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს. მოსწავლეებს აცნობს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებს, აწვდის ინფორმაციას დარგში არსებულ მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება, მათთვის პროფესიის არჩევაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.