2024-11-29
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, სსე-ს ამჯერად თბილისის 177-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. საუბარი შეეხო ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
შემეცნებითი ტური პრაქტიკული ნაწილით გაგრძელდა სსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“, სადაც უფროსკლასელებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურებს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შემეცნებითი ტურები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.