2024-08-13
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია, - აღნიშნულია კვლევაში, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა. კვლევა მიმდინარეობდა პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოსავლენად.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, განხორციელდა პროექტის მშენებლობის ღირებულების შეფასება და ეკონომიკური ანალიზი. ასევე დადგინდა კაბელის სახმელეთო და საზღვაო ნაწილების წინასწარი მარშრუტი, შემუშავდა პროექტის განხორციელების გეგმის და შესყიდვების სტრატეგია.
კვლევის პროცესში, პროექტის მარშრუტისათვის შესწავლილ იქნა ბუნებრივი გარემოსა და სოციალური საკითხები, საქართველოსა და რუმინეთისთვის მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების სკრინინგის და სკოპინგის ანგარიშები. ასევე შემუშავდა ზღვის ფსკერის გეოტექნიკური, გეოფიზიკური, ეკოლოგიური და არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად საჭირო სამუშაოთა აღწერილობა და მომზადდა სატენდერო ტექნიკური დავალების დოკუმენტი.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2022 წლიდან მიმდინარეობდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების და ზღვის ფსკერის კვლევები 2025-2026 წლებში ჩატარდება.