ახალი ამბები

2024-06-04 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები AIB HUB-ის გენერალურ სხდომას დაესწრნენ

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა დამკვირვებელი წევრის სტატუსით პირველად მიიღეს მონაწილეობა ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაციის (AIB HUB) საბჭოს სხდომაში, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპის 30 სახელმწიფოს წარმოშობის სერტიფიკატების გამცემი 37 ორგანოს წევრები.

AIB HUB-ის ახალი წევრების, მათ შორის, სსე-ის დელეგაციის წარდგენას და გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ლატვიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა (AST) უმასპინძლა. შეხვედრებზე განიხილეს განახლებადი ენერგიის წახალისების შესახებ ევროკავშირის ახალი დირექტივის RED III-ის გამოწვევები, ვალდებულებები და მიზნები, ასევე წყალბადისა და განახლებადი ენერგიის წარმოებიდან მიღებული სხვადასხვა აირის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის საკითხები.

წარმოშობის სერტიფიკატი წარმოადგენს ელექტრონულ დოკუმენტს, რომელიც მომხმარებელს აწვდის სრულ ინფორმაციას განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგიის რაოდენობის შესახებ. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ აღნიშნული სერტიფიკატების გაცემა 2023 წელს დაიწყო. იმავე წელს AIB HUB-თან დამკვირვებელი წევრის სტატუსის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სსე-ს, როგორც წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოს, შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს ევროპის წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოთა ასოციაციის მუშაობის სპეციფიკას, მიიღოს ინფორმაცია წარმოშობის სერტიფიკატებით ევროპის მასშტაბით ვაჭრობის შესახებ, დაესწროს გენერალურ სხდომებს და ჰქონდეს წვდომა პლატფორმის გარკვეულ განყოფილებებზე.

rsz_1414568527_850775033739360_8250312024405591816_n.jpg

კომუნიკაცია