2023-06-02
ტრენინგი წარმოშობის სერტიფიკატების თემაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო ფინური კომპანია „გრექსელის" მიერ ორგანიზებულ ტრენინგში.
სსე-ის წარმომადგენლებისთვის წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის ტექნიკური მომსახურების გამწევი ფინური კომპანია „გრექსელის" წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: წარმოშობის სერტიფიკატების გამცემი პლატფორმა, სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწა და ამ კუთხით არსებული ევროპული გამოცდილება, წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ პლატფორმასთან აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დაკავშირების პროცედურული საკითხები და სხვა. აღნიშნული ტრენინგი სსე-ს დაეხმარება განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის პროცესის გაუმჯობესებასა და შემდგომ განვითარებაში.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დელეგაციას საშუალება ჰქონდა, გაცნობოდა ფინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის - „ფინგრიდის" მიერ ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის, გადაცემა/გაუქმების პროცედურებსა და რეესტრის წარმოების წესს.
ტრენინგში ასევე მონაწილეობდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.