2023-06-23
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მდგრადი ენერგეტიკის ევროპულ კვირეულზე
მდგრადი ენერგეტიკის ევროპული კვირეულის EUSEW-2023-ის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა მდგრადი ენერგეტიკის საინფორმაციო დღე, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შეუერთდა და მის კუთვნილ ქვესადგურში „მენჯი 220“ ეკოკლუბის წევრი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური გამართა.
ახალგაზრდები გაეცნენ საქართველოს ენერგომომარაგებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქვესადგურის ფუნქციონირების პრინციპებს, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს ქალაქ ფოთსა და სენაკის, ხობის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებს. სსე-ის წარმომადგენლები დამთვალიერებლებს ესაუბრნენ იმ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების შესახებ, რომლებსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ყოველწლიურად ახორციელებს, მათ შორის განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარებისა და დანერგვის მიმართულებით. საუბარი შეეხო ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატებსაც, რომელთა გაცემა სსე-მ 2023 წლიდან დაიწყო და განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისებას ისახავს მიზნად.
EUSEW-2023 განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგიის ეფექტური გამოყენებისადმი მიძღვნილი უდიდესი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად იმართება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომდევნო წლებშიც მიიღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში, რათა მოსახლეობას მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია განახლებადი ენერგიების წყაროების განვითარების, ათვისებისა და ენერგოეფექტურობის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებების შესახებ.