ახალი ამბები

2023-11-13 

სსე-ის თანამშრომლების სასწავლო ტური გერმანიაში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თანამშრომლებისთვის, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გერმანიაში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Fichtner- ის ორგანიზებით სასწავლო ტური გაიმართა.
ტურის ფარგლებში სსე-ის და სემეკის წარმომადგენლები ეწვივნენ Fichtner-ის შტუტგარტისა და ბერლინის ოფისებს, სერვისის პროვაიდერის ოფისს ჰაიდელბერგში და გერმანიის გარემოს დაცვის სააგენტოს დესაუში, რომელიც წარმოადგენს წარმოშობის სერტიფიკატების გამცემ ორგანოს. მონაწილეები გაეცნენ განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოშობის სერთიფიკატების პლატფორმის ფუნქციონირებას, მიიღეს ინფორმაცია სერტიფიკატების დიზაინსა და მახასიათებლებზე. ასევე საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზას, რაც ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, დაგეგმოს შესაბამისი ცვლილებები შიდა კანონმდებლობაში და ამით უზრუნველყოს წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის არსებული მექანიზმის გაძლიერება.
განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად და ენერგიის მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისებისთვის, 2023 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატების გაცემა დაიწყო, შესაბამისად, საქართველოს დელეგატებისთვის მნიშვნელოვანი იყო გერმანიის გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით.
სასწავლო ტური „სსე-ის ორგანიზაციული და ოპერატიული მხარდაჭერის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც წარმოადგენს ENIP-ის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საინვესტიციო ღონისძიებების შემადგენელ ნაწილს და დაფინანსდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ KfW-ს გაცემული გრანტით.
ENIP წარმოადგენს საქართველოს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მასშტაბურ საინვესტიციო პროგრამას ჯამური ინვესტიციით 270 მლნ ევრო, რომელიც მოიცავს გერმანიის მთავრობის დაფინანსებას KfW-ს მეშვეობით, EBRD-ის დაფინანსებას და „ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო პლატფორმის“ (EU NIP) მიერ გამოყოფილ გრანტს.
ENIP-ის პროგრამის ფარგლებში აშენდება და გაფართოვდება 5 ქვესადგური და 561 კმ-ზე მეტი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი.

Study Tour S1.jpgStudy Tour S2.jpg

ელექტროენერგეტიკული ქსელის გაუმჯობესების პროგრამა (ENIP) თანადაფინანსებულია შემდეგი ორგანიზაციების მიერ:

GEO-Funded by the EU-POS.jpg
rsz_german sm.jpg
rsz_kfw sm.jpg
rsz_ebrdTEST22

 

კომუნიკაცია