2023-06-29
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა.
19-მა კურსდამთავრებულმა დასკვნითი გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რის შემდეგაც მათ კომპანიის ხელმძღვანელობისგან დასაქმების შეთავაზება მიიღეს და ისინი საქმიანობას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გააგრძელებენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე, სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სსე-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა გადასცა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში, პროგრამა 291-მა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც სსე-ში 238 კურსდამთავრებული დასაქმდა.
პროგრამის მიზანია ენერგეტიკის დარგის ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაცია, კომპანიის ახალი, კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა და არსებული კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
სსე-ის სასწავლო ცენტრი სტუდენტთა ახალ ნაკადს 2023 წლის სექტემბერში მიიღებს.