2023-11-10
სსე-ის გენერალური დირექტორი ენერგეტიკის ფორუმზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა ენერგეტიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ იყო ორგანიზებული.
ფორუმი შეეხებოდა საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, რეფორმებს, გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს, ასევე განხილულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის მხარდაჭერით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მომზადებული ენერგოდამოუკიდებლობის აქტის პროექტი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე. „ქვეყნის ადგილობრივი გენერაციის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. მათგან, ძირითადი დატვირთვა მარეგულირებელ ჰესებზე მოდის და მთლიანი კალათის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა”, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები.



