2023-10-25
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაცია კონფერენციაზე Hydro-2023
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციაში Hydro-2023.
ჰიდროენერგეტიკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე სსე-მ „ენერგეტიკის განვითარების ფონდთან“ და კომპანია „გრუნერ შტუკისთან“ ერთად, ჰიდროლოგიის პროგნოზირების მართვის ახალი მოდელი წარადგინა.
აღნიშნული მოდელი შემუშავდა ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის დასაგეგმად და ენგურჰესის წყალსაცავის ოპტიმალურად სამართავად. შეიქმნა პლატფორმა Tethys-ის ჰიდროლოგიის პროგნოზირების სისტემა, რომელიც, გარდა არსებული მათემატიკური მიდგომებისა, პროგნოზირებისთვის იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. პლატფორმას „ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტის“ ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მართავს.
Hydro-2023 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და ჰიდროენერგეტიკის სფეროში მომუშავე ყველაზე აქტიურ და ნოვატორულ კომპანიებს უყრის თავს. ღონისძიებაზე განიხილავენ ენერგეტიკის სფეროში მსოფლიო მასშტაბით არსებულ ტექნოლოგიურ მიღწევებს, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებს.